გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ტემპერატურის მკვეთრი დაკლება არქტიკული ცივი ჰაერის მასების გავრცელებამ გამოიწვია.
როგორც გვაზავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ტემპერატურა განსაკუთრებით მაღალმთიან რაიონებში დაეცა. ზოგიერთ რაიონში კი მოთოვა.
„პარასკევიდან საქართველოს ტერიტორიაზე ვრცელდება არქტიკული ცივი ჰაერის მასები, რამაც ტემპერატურის მკვეთრი დაკლება გამოიწვია. ტემპერატურა განსაკუთრებით დაეცა მაღალმთიან რაიონებში. 9 მაისს ღამით კარგად თოვდა ბაკურიანში, ახალქალაქში, ნინოწმინდასა და გუდაური-სტეფანწმინდის მიდამოებში. ასევე, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებშიც. თოვლის საფარიც კი არის დადებული. არქტიკული ჰაერის მასების მოქმედება 10 მაისსაც შენარჩუნდა საქართველოს მთელ რეგიონში“,- განაცხადა გვაზავამ.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში დღეიდან გამოიდარებს.
„ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. დაბლობსა და ბარში დაახლოებით 19-დან 22 გრადუსამდე, მთიან რაიონებში 17-19 გრადუსი და მაღალ მთაში 10-12 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. შემდეგ დღეებში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. ასეთი ცივი ჰაერის შემოჭრა მოსალოდნელი არ არის. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურის მომატებას ველოდებით 15 მაისიდან. შესაძლებელია, 17,18 და 19 მაისს 30-31 გრადუსი სითბოც გვქონდეს. მაისის თვე საქართველოსთვის ყოველთვის არის წვიმიანი და სეტყვის გაძლიერებით, განსაკუთრებით კახეთის რეგიონში“, – აღნიშნა დოდო გვაზავამ.