საქართველოში დამატებით სამი დაცული ტერიტორია – ფარავნის, საღამოსა და აბულის ტბების აღკვეთილი იქმნება.
შესაბამისი ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა, რომლის ავტორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ფარავნის ტბის აღკვეთილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიაზე იქმნება, რომლის საერთო ფართობი – 4031 ჰექტარს შეადგენს, საღამოს ტბის აღკვეთილის ფართობი კი, – 629 ჰექტარს.
აბულის ტბის აღკვეთილიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრების ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიაზე იქმნება, რომლის საერთო ფართობი 211 ჰექტარია. “2015 წელს, სამხრეთ კავკასიაში ბიომრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვანი მტკნარი წყლის არეალების (KBA) შეფასებისას, დადგენილი იქნა 35 წერტილი, რომელთაგან ერთ-ერთია ჯავახეთი-არფის ტერიტორია.
აღნიშნული ტერიტორია მოიცავს ფარავანისა და საღამოს ტბებს, როგორც მნიშვნელოვან ჰაბიტატს ამიერკავკასიური ენდემებისა და კალმახის კონსერვაციის თვალსაზრისით”, – აღნიშნულია პროექტში.