საქართველოში ჩინური ვაქცინით აცრისთვის რეგისტრაცია სავარაუდოდ ხვალიდან დაიწყება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ჩინური ვაქცინით აცრისთვის რეგისტრაცია სავარაუდოდ ხვალიდან დაიწყება, ხოლო ვაქცინაცია გეგმის მიხედვით – 4 მაისიდან.
„როგორც გამოცხადებული იყო, ჩინური ვაქცინით აცრები დაიწყება 4 მაისიდან. ჩაწერები, ანუ რეგისტრაცია, დიდი ალბათობით, ხვალ დღის მეორე ნახევრიდან, ყველაზე გვიან ალბათ, ზეგიდან, მაგრამ ვფიქრობ, დაიწყება ხვალ დღის მეორე ნახევრიდან. გაფართოვდა ამცრელი კაბინეტებისა და ბრიგადების რაოდენობა. წინა კვირაში კიდევ დამატებით 100 ბრიგადა იქნა გადამზადებული, მათ შორის ჩინურ ვაქცინაზე, რომელსაც არავითარი სპეციფიკურობა არ აქვს. ის იმ ტიპის ვაქცინაა, რომელიც ბევრი გამოიყენება ჩვენთან ქვეყანაში – ინაქტივირებული ვაქცინა. ჩვენს ამცრელ სპეციალისტებს ამ ტიპის ვაქცინების გამოყენების დიდი გამოცდილება აქვთ. რაც შეეხება ეფექტურობას და მის ცნობადობას, დღეს მსოფლიოში გამოყენებული მილიარდი ვაქცინიდან, დაახლოებით 25 პროცენტი – 250 მილიონზე მეტი გამოყენებულია ორი ჩინური ვაქცინა – „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. ჩინეთის გარდა, ის ფართოდ გამოიყენება 35-მდე სხვადასხვა ქვეყანაში“, – აღნიშნა გამყრელიძემ.