საქართველოში ბუნებრივი გაზის სექტორის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება იგეგმება
საქართველოს ბუნებრივი გაზის სექტორის სამართლებრივი და მარეგულირებელი ნორმები ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვდება.
ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით ბუნებრივი გაზის რეფორმირების საკითხები დღეს პოლიტიკურ დისკუსიაზე განიხილეს, რომელშიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა, ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორი იანეს კოპაჩი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი მონაწილეობდნენ. ღონისძიება ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ განხორციელებული EU4Energy Governance Project – ევროკავშირი ენერგეტიკისთვის მმართველობა, პროექტის ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას განცხადებით, ბუნებრივი გაზის სექტორის სამართლებრივი ბაზის დახვეწისას გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს სპეციფიური გარემოებები.
„ჩვენი მიზანია დარგის სამართლებრივი და მარეგულირებელი ნორმები ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკას დავუახლოვოთ და ამ პროცესში, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ, EU4Energy Governance Project პროექტის ფარგლებში გაწეული დახმარებით განხორციელდეს ბუნებრივი გაზის სექტორის სამართლებრივი ბაზის დახვეწა ისე, რომ გათვალისწინებული იყოს საქართველოს სპეციფიური გარემოებები და მახასიათებლები. რეფორმები სიკეთეს მოუტანს თანაბრად როგორც ბიზნეს სექტორს, ასევე მოსახლეობას“, – განაცხადა მან.
მილორავას თქმით, აღნიშნული პროცესი საქართველოს ბუნებრივი გაზის სექტორის მოდერნიზების და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების საშუალებაა.
იანეს კოპაჩის განცხადებით, ენერგეტიკული პაკეტი უზრუნველყოფს კონკრეტული ნორმების შემუშავებას სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაცავად, ასევე ბუნებრივი გაზის მიწოდების გასაუმჯობესებლად და იძლევა მიმწოდებლის შეცვლის მარტივი წესის დანერგვის გზით, გაზის მიმწოდებლის არჩევის საშუალებას.
როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა აღნიშნა, საქართველო მზადაა დანერგოს ევროკავშირის ენერგეტიკის სექტორის პრინციპები და მარეგულირებელი ნორმები.
„ნათელია, რომ უფრო ეფექტური და გამჭვირვალე ბუნებრივი გაზის ბაზრის ჩამოყალიბებისკენ მიმავალი გზა არ არის მარტივი. განვითარების სხვა პარტნიორებთან ერთობლივად, ევროკავშირი კვლავაც მზადაა მხარდაჭერა გაუწიოს მთავრობას და არსებული გამოწვევა გარდაქმნას, როგორც შესანიშნავი შესაძლებლობა ეკონომიკური განვითარებისთვის და თითოეული მოსახლისთვის უკეთესი მომსახურების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების პროტოკოლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის სექტორში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას შემდგომი ორი წლის განმავლობაში გეგმავს.