საქართველოში აშშ-ის საელჩო - საპრეზიდენტო არჩევნებმა ამომრჩეველს მისცა შესაძლებლობა, გაეკეთებინა თავისუფალი არჩევანი
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის საელჩო იზიარებს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნას, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და პროფესიულ დონეზე იყო ადმინისტრირებული, რამაც ამომრჩეველს მისცა შესაძლებლობა, გაეკეთებინა თავისუფალი არჩევანი.
„ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეშფოთებას საარჩევნო პროცესებში არსებული ხარვეზების შესახებ, როგორიცაა შეუსაბამო ხერხებით ამომრჩეველთა მობილიზაცია და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება. ხაზგასმით აღვნიშნავთ მეორე ტურში ამ ხარვეზების გამოსწორების მნიშვნელობას.
შეერთებული შტატები გააგრძელებს საარჩევნო გარემოს ყურადღებით დაკვირვებას. მნიშვნელოვანია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა მოქალაქეს, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი ნება საარჩევნო ყუთთან. აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ქართველ ხალხს ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაში, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების გზით“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.