საქართველოში აშშ-ის საელჩო ბავშვებისთვის სწავლის გაგრძელებაში დახმარების მიზნით, ფეისბუქ-ლაივებს იწყებს
ახალი კორონავირუსის გამო, სკოლებში სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტის პერიოდში, საქართველოში აშშ-ის საელჩო ბავშვებისთვის სწავლის გაგრძელებაში დახმარების მიზნით, ფეისბუქ-ლაივებს იწყებს.
ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფეისბუქ-გვერდზე არის აღნიშნული.
„სანამ საქართველოში სკოლები დაკეტილია, ამერიკის საელჩოში, გვსურს ბავშვებს სწავლის გაგრძელებაში დავეხმაროთ. ფეისბუქ-ლაივის მეშვეობით, სამუშაო დღეებში, 14:00 საათიდან ამერიკელი დიპლომატი ინგლისურად წაგიკითხავთ და გესაუბრებათ თავის საყვარელ მოთხრობაზე“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
საელჩო აცხადებს, რომ ინგლისურის სამეცადინოდ და ამერიკის შესახებ მეტის გასაგებად, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა.
ამასთან, პირველი მოთხრობა, რომელსაც ამერიკელი დიპლომატი ალთეა ქოლი-მერფრი წაიკითხავს, დოქტორ სიუსის „ლორაქსი“ იქნება.
აშშ-ის საელჩოს ფეისბუქ-გვერდზე პირდაპირი ჩართვები ხვალ, 13 მარტს 14:00 საათიდან დაიწყება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში სასწავლო პროცესი პირველ მარტამდე შეჩერდა.