საქართველოში აშშ-ის ელჩმა, USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა და ცესკო-ს თავმჯდომარემ ცესკო-ს განახლებული სასერვერო ინფრასტრუქტურა გახსნეს
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სასერვერო ინფრასტრუქტურის გახსნის ცერემონია გაიმართა.
ღონისძიება საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელმა, პიტერ ვიბლერმა და ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გახსნეს.
ცესკო-ს ინფორმაციით, კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სასერვერო ინფრასტრუქტურა ამერიკული დახმარების ფარგლებში განახლდა, რაც ცესკო-ს შესაძლებლობას აძლევს, მაქსიმალურად შეამციროს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები.
მათივე ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაციის სათანადო საინფორმაციო ტექნოლოგიური აღჭურვილობით უზრუნველყოფა და თანამშრომლების კიბერუსაფრთხოების და კიბერჰიგიენის მიმართულებით გადამზადება განხორციელდა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის – „საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერა საქართველოში“ (EPPS) ფარგლებში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით.
„აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას, USAID-ის და IFES-ის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში შედგა. ცესკო-ში გამართულ შეხვედრაზე მხარეები 2020 წლის არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების ხელშეწყობაზე შეთანხმდნენ“, – აცხადებენ ცესკო-ში.