საქართველოში 2022 წლის მე-4 კვარტალში ეკონომიკური აგენტების 5 244 კონცენტრაცია დარეგისტრირდა
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში მოქმედი ეკონომიკური აგენტების 5 244 კონცენტრაცია (გაერთიანება) დარეგისტრირდა.
კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, განახლებული კანონმდებლობის ფარგლებში, კონცენტრაციების გადამოწმებას საჯარო რეესტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კონკურენციის სააგენტო ახორციელებს.
მათივე ცნობით, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, 5 234 შემთხვევაში რეგისტრირებულ კონცენტრაციებში მონაწილე მხარეების წლიური ბრუნვა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმს წლიური ბრუნვის ნაწილში არ აკმაყოფილებდა. 10 შემთხვევა აკმაყოფილებდა, თუმცა ხუთი მათგანი კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებშია.
რაც შეეხება 5 კონცენტრაციას, სააგენტოს შეფასებით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა კონცენტრაციის სააგენტოსთვის წინასწარ შეტყობინების ვალდებულებას. შესაბამისად, აღნიშნული ეკონომიკური აგენტების მიმართ საქმისწარმოება დაიწყო.
„სააგენტოსათვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარს აღემატება. სააგენტოს გვერდის ავლით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა, კომპანიის წინა წლის ბრუნვის 5%-მდე მოცულობით. 2022 წელს საქართველოში რეგისტრირებული 20 639 კომპანიის გაერთიანება (კონცენტრაცია) იქნა გადამოწმებული. სააგენტომ 6 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. აქედან, 2 გაერთიანება სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა. შესაბამისად, ეკონომიკურ აგენტებს 60 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ“, – აცხადებენ სააგენტოში.