საქართველოში 17 ნოემბერს პირველი „წიგნის მუზეუმი“ გაიხსნება
საქართველოში 17 ნოემბერს პირველი „წიგნის მუზეუმი“ გაიხსნება

საქართველოში 17 ნოემბერს პირველი „წიგნის მუზეუმი“ გაიხსნება. მუზეუმი პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში განთავსდება.

მუზეუმში წარმოდგენილი იქნება როგორც მუდმივი ექსპოზიციები, ასევე თემატური გამოფენები, კერძო კოლექციებში დაცული თუ ბიბლიოთეკის საცავში შენახული უნიკალური ნაბეჭდი წიგნები.

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის გიორგი კეკელიძის განცხადებით, „წიგნის მუზეუმი“ საუკუნის პროექტია, სადაც განთავსდება ეროვნული ბიბლიოთეკის საგანძური, რომელიც ათეული წლებია დახურულ ფონდში ინახება და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა.

„ეროვნული ბიბლიოთეკა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი იშვიათ გამოცემათა ფონდის მესაკუთრეა, რომელიც ამ მუზეუმში გამოიფინება. იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცულია ყველა ის უნიკალური გამოცემა, რომელიც, ზოგადად, ბეჭდური წიგნის და მათ შორის, ქართული ნაბეჭდი გამოცემების ისტორიას ქმნის.

მუზეუმი დამთვალიერებელს ისეთი გამოცემების ნახვის შესაძლებლობას მისცემს, როგორიცაა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი, 1629 წელს რომში გამოცემული ქართულ-იტალიური ლექსიკონი; მოსკოვში არჩილ მეფის მიერ გამოცემული „დავითნი“, ვახტანგ VI სტამბის გამოცემები – 1712 წელს გამოცემული „ვეფხისტყაოსანი“, 1709 წელს გამოცემული „სახარება“; ერეკლეს სტამბის წიგნები; წესში გამოცემული პირველი ქართული მინიატიურული წიგნი „ღვთისმშობლის სავედრებელი“; რუსეთში, ათანასე ამილახვრის სტამბაში დაბეჭდილი უნიკალური ქართული გამოცემები და ა.შ.“,- განაცხადა პირველ არხთან საუბრისას გიორგი კეკელიძემ.

 

ავტორი: თათია ბუხრაშვილი