საქართველოსა და ყაზახეთის ეროვნულ ბანკებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ყაზახეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ტიმურ სულეიმანოვს შეხვდა.
სებ-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საბანკო და საფინანსო სისტემების მდგრადობასა და განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და ყაზახეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებმა ხაზი გაუსვეს შემდგომი თანამშრომლობის აუცილებლობას, რომელიც შუა დერეფნის ქვეყნებს შორის ფინანსური სექტორის განვითარებას უკავშირდება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ და ტიმურ სულეიმანოვმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
„შეთანხმება ეხება მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობას ისეთ ძირითად სფეროებში, როგორებიცაა ცენტრალური ბანკის საქმიანობა, საგადახდო სისტემები, ფინანსური მომსახურება. ამ სტრატეგიული პარტნიორობის შექმნა უფრო ინტეგრირებული და თანამშრომლობაზე დაფუძნებული რეგიონული ეკონომიკისკენ წაგვიყვანს, რომელსაც შეუძლია, ახლანდელი გლობალური ეკონომიკური გარემოს სირთულეებში ეფექტურად გაიკვლიოს გზა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
შეთანხმების მიხედვით, მხარეები აღიარებენ ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მნიშვნელობას და მხედველობაში იღებენ საერთო მისწრაფებებს უფრო პროდუქტიული და ეფექტური პარტნიორობის შესახებ ინფორმაციის გაცვლის, გამოცდილების გაზიარებისა და ცენტრალური ბანკის სფეროებში საუკეთესო პრაქტიკაზე თანამშრომლობისას.
ყაზახეთის ცენტრალურ ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრას ეროვნული ბანკის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი ესწრებოდა.