საქართველოსა და უკრაინისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის აფეთქებაში ბულგარეთის პროკურატურა რუსეთის მოქალაქეებს ადანაშაულებს
ბულგარეთმა რუსეთის ექვსი მოქალაქე საბრძოლო მასალების საწყობებსა და ქარხნებში განხორციელებულ აფეთქებების სერიაში ეჭვმიტანილად ცნო. ასევე, სამი მათგანი ეჭვმიტანილია ბულგარელი ბიზნესმენის, კომპანია „ემკოს“ მფლობელ ემილიან გებრევზე თავდასხმაში. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ბულგარეთის პროკურატურის ინფორმაციით, გასული ათი წლის განმავლობაში დაფიქსირებული აფეთქებების შესწავლისას ოთხ შემთხვევაში მსგავსება გამოიკვეთა. საბრძოლო მასალების იმ საწყობებში, სადაც აფეთქება განხორციელდა, საქართველოსა და უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღი ინახებოდა.
პროკურატურის ცნობით, პირველი შემთხვევა 2011 წლის ნოემბერში დოლნი დოლის დასახლებასთან მოხდა, სადაც სავაჭრო კომპანია „ემკოს“ საწყობში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად, განადგურდა საბრძოლო მასალებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის საექსპორტოდ იყო გამზადებული.
მეორე შემთხვევა 2015 წელს სოფელ იგანოვოში მოხდა, სადაც ვაზოვის მანქანათმშენებლობის ქარხანაში გაისმა აფეთქების ხმა. განადგურებული პროდუქციის ნაწილი ასევე ეკუთვნოდა კომპანია „ემკოს“.
მესამე ინციდენტი ასევე 2015 წელს დაფიქსირდა, იმავე ტერიტორიაზე.
მეოთხე კი – 2020 წელს ქალაქ მაგლიჟში, „არსებალ-კაზანლიკის“ ქარხანაში, კაფსულ-დეტონატორის საწყობში მოხდა.
ოთხივე შემთხვევაში საერთო გარემოებად იკვეთება ბიზნესმენ ემილიან გებრევის კუთვნილი კომპანია „ემკო,“ რომელიც აღნიშნულ საწყობებში დაცული პროდუქციის მფლობელი იყო.
„არც ერთ ამ შემთხვევაში კონკრეტული ტექნიკური გაუმართაობა ან აალების მიზეზი არ დადგენილა. ოთხივე შემთხვევაში განადგურებული პროდუქცია საქართველოსა და უკრაინაში ექსპორტისთვის იყო განკუთვნილი“, – განაცხადა ბულგარეთის პროკურატურის წარმომადგენელმა სიიკა მილევამ.