საქართველოსა და სომხეთის საზოგადოებრივმა მაუწყებლებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს [ვიდეო]
21:09, 11.07.2019
საქართველოსა და სომხეთის საზოგადოებრივმა მაუწყებლებმა დღეს, 11 ივლისს თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმის თანახმად, ტელეკომპანიები იმუშავებენ ერთობლივ მედიაპროექტებსა და პროგრამებზე, თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობაზე, ახალი ამბების არქივირებასა და საინფორმაციო ინსტრუმენტების დანერგვაზე.
მხარეები შეთანხმდნენ, მოაწყონ სემინარები, სპეციალისტების ორმხრივი შეხვედრები და ტრენინგები, ასევე აქტიურად გაცვალონ ახალი ამბები.
„ჩვენ მოხარული ვართ, რომ სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ. საზოგადოებრივი მაუწყებლის მისიისა და ხედვის მიმართ ურთიერთგაგება გვაქვს და ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა გააუმჯობესებს ჟურნალისტიკას, რომელსაც ვქმნით, საზოგადოებას, რომელსაც ვაყალიბებთ და გამოწვევებს, რომლის წინაშეც ვდგავართ“, – განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ.
„მემორანდუმი შესაძლებელს გახდის და ხელს შეუწყობს ინფორმაციის სწრაფად გაცვლას, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, საქმის კურსში იყოს მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ორივე ქვეყანას მდიდარი მედიაარქივი აქვს, რომელიც ახალი პროექტების შექმნაში დიდ წვლილს შეიტანს“, – განაცხადა სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა მარგარიტა გრიგორიანმა.