საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ზოგრაბ მნაცაკანიას შეხვდა. მინისტრების შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და სომხეთის ორმხრივ და მრვალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.
„კმაყოფილებით აღინიშნა ორი ქვეყნის ურთიერთობებში არსებული პოზიტიური დინამიკა და ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთის მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და კეთილმეზობლობას“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
ამასთან, მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ტრადიციული ურთიერთობების განმტკიცებისთვის.