საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ და სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თათევიკ რევაზიანმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
დოკუმენტი საავიაციო ხელისუფლებებს შორის ევროკავშირის რეგულაციების დანერგვის, საჰაერო მოძრაობის მართვის და სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობის კუთხით თანამშრომლობას ითვალისწინებს.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები გამოხატავენ გამოცდილების გაზიარების მზადყოფნას, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული საჰაერო მოძრაობის ორგანიზების რეგულაციების დანერგვა, საჰაერო მოძრაობის მართვის ზედამხედველობისა და ეფექტურობის გაუმჯობესება, პერსონალის მომზადება-გადამზადება და პრაქტიკის გაზიარება.
შეხვედრაზე, საავიაციო უწყების ხელმძღვანელმა პირებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის კუთხით არსებული ზრდის დინამიკა და ამ მიმართულებით სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ შარშან, პირველი რვა თვის მონაცემებით, საქართველოსა და სომხეთს შორის რეგულარული და არარეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2017 წლის რვა თვესთან შედარებით 99.8%-ით იყო გაზრდილი (7 928 მგზავრი – 2017 წლის 8 თვეში; 15 837 მგზავრი 2018 წლის 8 თვეში), ხოლო მიმდინარე წლის რვა თვის მონაცემებით, მგზავრთნაკადი ორ ქვეყენას შორის 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 160.9%-ით (41 326 მგზავრი) გაიზარდა.
თანამშრომლობის მემორანდუმს მონრეალში, ICAO-ს სათაო ოფისში მოეწერა ხელი. ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს ელჩი კანადაში, მუდმივი წარმომადგენელი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში (ICAO) კონსტანტინე ქავთარაძე. საქართველოს დელეგაცია კანადაში ICAO-ს რიგით მე-40 ასამბლეაზე დასწრების და საბჭოს წევრების არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით იმყოფებოდა.