საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა
2024 წლის 13 მაისს თბილისში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი თანათავმჯდომარეობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ გამართულ პირველ პოლიტიკურ კონსულტაციებს და აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის განგრძობითი დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობა.
„შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალგანზომილებიანი და დინამიკური პოლიტიკური დღის წესრიგი. კმაყოფილებით აღინიშნა ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, კულტურის, განათლების და სხვა სფეროებში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და მყარი ურთიერთობების ფუნდამენტი. ამასთანავე, აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი ორმხრივ დღის წესრიგში კვლავ პრიორიტეტულ საკითხად დარჩება.
ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ დინამიკას და გლობალურად მიმდინარე პროცესების პოტენციურ გავლენას რეგიონზე. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას, როგორც რეგიონული განვითარებისა და კეთილდღეობის აუცილებელ პირობას. ამ კონტექსტში მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და სომხეთის როლს მშვიდობისა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობაში, ასევე ევროპული ღირებულებების დაცვაში.
მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ საქართველოს და სომხეთს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობები განპირობებულია არა მხოლოდ გეოგრაფიული სიახლოვით, არამედ ხალხთა შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობით და აქტიური თანამშრომლობით. თანათავმჯდომარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ ტრადიციულად მეგობრული კავშირების სამომავლო გაღრმავებას და განვითარებას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.