საქართველოსა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა
მიმდინარე წლის 22 ივლისს საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მესამე რაუნდი გაიმართა.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.
უწყების ცნობით, ონლაინ რეჟიმში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო საუდის არაბეთის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვალიდ ა.ელხერეიჯი უძღვებოდა.
„შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს 2024 წლის იანვარში ქ. რიადში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გამართულ ვიზიტს და ხაზი გაუსვეს აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში „საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომისა და მემორანდუმის მიხედვით დაგეგმილი ღონისძიებების დროულად განხორციელების აუცილებლობას.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე, ხაზგასმით აღინიშნა წარმატებული თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში, ხალხთაშორისი კონტაქტების მნიშვნელობა, ბიზნესდელეგაციების ურთიერთგაცვლა და უწყებათაშორისი აქტიური თანამშრომლობის აუცილებლობა. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს ტურისტების მზარდი დინამიკა, რასაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის მოქმედი პირდაპირი ავიარეისები.
მინისტრის მოადგილეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების განხორციელების მიმართულებით. ამ მხრივ გამოითქვა იმედი, რომ ახლო მომავალში სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს არსებულ თანამშრომლობას. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია რეგიონში არსებული გამოწვევებისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.