საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ადელ ალ ჯუბეირს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრა ქუვეითში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
„მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის არსებული თანამშრომლობა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყნებს შორის დინამიკურად ვითარდება ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში, რასაც ასევე ადასტურებს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა. განსაკუთრებით მზარდია სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობები, საუდელი ინვესტორების დაინტერესება საქართველოს მიმართ.
მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა, რაც გამოიხატება საუდელი ვიზიტორების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდით.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საუდელ კოლეგას გააცნო საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციები, ქვეყნის სატრანზიტო და საინვესტიციო შესაძლებლობები, ასევე ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევა .
საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას, მინისტრები მიესალმნენ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წარმატებას და აღნიშნეს სტაბილურობის შემდგომი უზრუნველყოფის პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი ძალისხმევის აუცილებლობა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საუდელი კოლეგა საქართველოში მოიწვია. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან გამოიხატა საქართველოში სტუმრობით დაინტერესება“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.