უნგრული ავიაკომპანია Wizz air რუმინეთიდან საქართველოს მიმართულებით დღეს პირველ რეგულარულ რეისს შეასრულებს.
პირველი რეისი ბუქარესტის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით 16:30 საათზე დაეშვება. ბუქარესტი-ქუთაისის მიმართულებით ფრენები კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, რუმინეთი რიგით მე-14 ქვეყანაა და მე-20 მიმართულება, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz air შეასრულებს.
„დღეიდან იწყება ავიამიმოსვლა საქართველო-რუმინეთს შორის. ეს არის ორ ქვეყანას შორის ჯერჯერობით ერთადერთი პირდაპირი მიმართულება. თუმცა აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ პირველი აგვისტოდან თბილისის აეროპორტში რუმინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია TAROM შეასრულებს რეგულარულ რეისებს თბილისი-ბუქარესტი-თბილისის მიმართულებით“, – განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.
15 ნოემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა ევროპის კიდევ ერთი დედაქალაქის, ვენის მიმართულებით შესრულდება.