საქართველოსა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში ნორვეგიის საელჩო ოფიციალურად გახსნეს
საქართველოსა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, თბილისში ნორვეგიის საელჩო ოფიციალურად გახსნეს. საელჩოს გახსნა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანიკენ ჰუდფელდტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.
გახსნის ცერემონიაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა.
„საქართველოს მთავრობის სახელით, მივესალმები თბილისში ნორვეგიის წარმომადგენლობის დაფუძნებას და ჩვენს ნორვეგიელ კოლეგებს მომავალ საქმიანობაში ყოველმხრივ წარმატებას ვუსურვებ. გვახარებს ის ფაქტი, რომ საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების მისიების რაოდენობა სულ უფრო იზრდება, რაც თბილისს რეგიონულ დიპლომატიურ ჰაბად აქცევს.
საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობების ხანგრძლივ ისტორიაში, დღევანდელი დღე მართლაც რომ ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია. წელს აღინიშნება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე წლისთავი. საელჩოს გახსნა ბოლო სამი ათწლეულის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობის ნათელი დასტურია, რომელმაც ორივე ქვეყნისთვის ხელშესახები შედეგები და სარგებელი მოიტანა“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა და ნორვეგიელ დიპლომატებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
საქართველო-ნორვეგიის მტკიცე და მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.
„30 წელი გავიდა ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის დღიდან. დიპლომატიური ურთიერთობები თავდაპირველად 1918 წელს დამყარდა, როდესაც ნორვეგიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ცნო. ამ ფაქტამდე დაახლოებით 20 წლით ადრე კი, ნორვეგიის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ავტორმა კნუტ ჰამსუნმა კავკასიაში იმოგზაურა და მას იქ საქართველო შეუყვარდა. თავის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მან დაწერა წიგნი „ზღაპრულ სამეფოში“ სადაც ის საქართველოს მთებსა და ველებს აღწერს და ასევე აღტაცებით საუბრობს ქართველი ხალხის შესახებ. ის წერს, რომ საქართველო და კავკასია მას თავის მშობლიურ სახლს აგონებს, კერძოდ, ჩრდილოეთ ნორვეგიას, სადაც ის გაიზარდა. მწერლის აზრით, ქართველი გლეხების შრომისმოყვარეობა, უნარები და წინდახედული დამოკიდებულება ჩრდილოეთ ნორვეგიაში მცხოვრები გლეხების შრომისმოყვარეობის, უნარებისა და დამოკიდებულების მსგავსია.
დარწმუნებული ვარ, რომ ის შრომისმოყვარეობა, უნარები და დამოკიდებულება, რომელსაც კნუტ ჰამსუნი როგორც საქართველოში, ისე ნორვეგიაში განადიდებდა, ორივე ქვეყნისთვის უძვირფასეს ღირებულებად დარჩება. შრომისმოყვარეობა, დიპლომატიის უნარები და თანმიმდევრული დამოკიდებულება ხომ არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც დღესაა“, – აღნიშნა ანიკენ ჰუდფელდტმა.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.