საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი განიხილეს
საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი განიხილეს. დავით ზალკალიანის და აურელიო ჩიკოის შეხვედრა ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ორი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საკითხებს, კიდევ ერთხელ მიესალმნენ სამი ასოცირებული ქვეყნის – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ ერთობლივი დეკლარაციის გაფორმებას, რომელიც მინისტრებმა ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზე ბორელის გადასცეს.
„მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის სამომავლო ხედვის ფარგლებში ქვეყნების ინდივიდუალური მისწრაფებებისა და მიღწეული პროგრესის გათვალისწინების აუცილებლობას და აღნიშნეს, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია მეტი ხელშესახები შედეგის მოტანა საზოგადოებისთვის“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
მათივე ცნობით, დავით ზალკალიანმა მოლდოველ კოლეგას გააცნო საქართველოს ინიციატივები და ხედვები აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე, განსაკუთრებით აღნიშნეს მაღალი ვიზიტების ინტენსივობის გაზრდის აუცილებლობა და ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება.