საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთმანეთს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის მიღება მიულოცეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ლუქსემბურგში, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის მიღების შემდგომ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა მოლდოველ კოლეგასთან ნიკუ პოპესკუსთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„მინისტრებმა მიულოცეს საქართველოსა და მოლდოვას კითხვარის გადმოცემა და აღნიშნეს ამ ნაბიჯის მნიშვნელობა ორი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. მინისტრები შეთანხმდნენ აღნიშნულ პროცესში მჭიდრო კოორდინაციაზე, ასევე საქართველოსა და მოლდოვას შორის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებაზე“,- აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
ქალაქ ლუქსემბურგში საქართველოს გადმოეცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი, რომლის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს (Opinion), ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. კითხვარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ გადასცა.