საქართველოსა და მექსიკის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
მეხიკოში საქართველოსა და მექსიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის დეპარტამენტის დირექტორების დონეზე, პოლიტიკური კონსულტაციების მესამე რაუნდი გაიმართა.
მექსიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაცით, აღნიშნული ღონისძიებისთვის მეხიკოს საქართველოს საგარეო უწყების ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ხაბელაშვილი ეწვია, რომელსაც მექსიკის საგარეო საქმეთა სამდივნოს ევროპის გენერალურმა დირექტორმა, ფრანცისკო დელ რიომ უმასპინძლა.
კონსულტაციების დაწყებამდე, გიორგი ხაბელაშვილი, მექსიკაში საქართველოს ელჩ ზურაბ ერისთავთან ერთად, მექსიკის საგარეო საქმეთა მდივნის მოადგილეს, კარლოს დე იკასა გონსალესს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა პოზიტიურად შეაფასეს.
საელჩოს ინფორმაციით, ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა, ეკონომიკური ურთიერთობები, ორმხრივი სამართლებრივი ბაზა, კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობა, საპარლამენტო დონეზე ურთიერთობები და სხვა.
გიორგი ხაბელაშვილმა მადლობა გადაუხადა მექსიკელ კოლეგას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობისთვის. მათ შორის, 2016 წლის სექტემბერში პოლიტიკური კონსულტაციების მეორე რაუნდის ჩასატარებლად თბილისში ვიზიტის გამო.
მხარეები ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.