საქართველოსა და ლიეტუვის პრეზიდენტებმა პანდემიის პერიოდში ეკონომიკის გახსნის, სამომავლო სტრატეგიებისა და სოციალურ-ეკონომიკური დახმარებების შესახებ ისაუბრეს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა.
პრეზიდენტებმა პანდემიის პერიოდში ეკონომიკის გახსნის მომავალ ფაზებზე, სამომავლო სტრატეგიებზე და სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებების დახმარებებზე ისაუბრეს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლიეტუვის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ბრძოლას კორონავირუსის წინააღმდეგ.
პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა და ამ მიმართულებით საქართველოს სამომავლო გეგმები. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის მყარი არჩევანია და ამ მიმართულებით ქვეყნის განვითარებას საზოგადოების სრული მხარდაჭერა გააჩნია.
საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დღეს მსოფლიოში არსებული კრისი ევროკავშირს უფრო გააძლიერებს და საქართველოც ევროკავშირთან დაახლოების კუთხით დღეს უფრო მეტ შესაძლებლობას ხედავს.
„თავის მხრივ, ლიეტუვის პრეზიდენტმა ევროკავშირის ეკონომიკურ გეგმებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ საერთაშორისო სოლიდარობა დღეს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრეზიდენტებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ კონფერენციაზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მხარეები თანამშრომლობის კუთხით ახალი პარტნიორობის ფორმატებზე ფიქრობენ.
სალომე ზურაბიშვილი ლიეტუველ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით ესაუბრა.