საქართველოსა და ლატვიის საპარლამენტო კომიტეტებმა თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ კომუნიკეს მოაწერეს ხელი
საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისა და ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის (საეიმას) განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ლატვიას შორის განათლების მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროფესიული განათლებისა მიმართულებით თანამშრომლობასა და Erasmus+-ის პროგრამაზე. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, სამინისტროსა და საქართველოში ლატვიის საელჩოს წარმომადგენლები. შეხვედრის დასასრულს მხარებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ერთობლივ კომუნიკეს.
„ხელი მოვაწერეთ ერთობლივ კომუნიკეს, რომლითაც კომიტეტები გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას განათლებისა და მეცნიერების სფეროში. ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი ღონისძიებების შედეგად კიდევ უფრო ინტენსიური გახდება და გააქტიურდება თანამშრომლობა, რომლიც უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს, სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობას მისცემს, მეტ გაცვლით პროგრამასა და ერთობლივ პროექტებში მიიღონ მონაწილეობა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.