საქართველოსა და კვიპროსს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის დოკუმენტები გაფორმდა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და კვიპროსის პრეზიდენტმა, ნიკოს ანასტასიადისმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ორმხრივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ასევე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თავის კვიპროსელ კოლეგებთან სამი დოკუმენტი გააფორმეს: ჯანდაცვისა და მედიცინის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ; საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივი დაცვის შესახებ; სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დღეს გაფორმებული დოკუმენტები თვისებრივად ახალ დონეზე გადაიყვანს ორი ქვეყნის ურთიერთობებს.
„უნდა ავღნიშნო, რომ მართლაც ისტორიული ვიზიტია. დამოუკიდებლობის იტორიაში პრეზიდენტის პირველი ვიზიტია და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. კვიპროსი არის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდამჭერი, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყველა საერთაშორისო ფორუმისა და ფორმატის ფარგლებში. დარწმუნებული ვარ, უახლოესი ღონისძიებები, რაც არის დაგეგმილი, იგივე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალი, იქაც გვექნება კვიპროსის მტკიცე მხარდაჭერა. ხელი მოეწერა რამდენიმე მემორანდუმს, როგორც ჯანდაცვის, ასევე სოფლის მეურნეობის, ინფორმაციის გაცვლის კუთხით და ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი თვისებრივად ახალ დონეზე გადაიყვანს ჩვენს ურთიერთობებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.