საქართველოსა და ისრაელის ბიზნესკომპანიები IT მიმართულებით ერთობლივ საწარმოებს შექმნიან
საქართველოსა და ისრაელის ბიზნესკომპანიები ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ერთობლივ საწარმოებს ჩამოაყალიბებენ, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ისრაელის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
ისრაელში ვიზიტისას ბიზნესმენებს დიმიტრი ქუმსიშვილი ექსპორტის ინსტიტუტში შეხვდა და საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატი გააცნო.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ისრაელის კომპანიებს ქართულმა მხარემ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.
„ისრაელის კომპანიებს შევთავაზეთ საქართველო, როგორც პლატფორმა საწარმოების გახსნისთვის და შემდგომში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გატანა იმ ქვეყნებში, ვისთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ინოვაციურ ეკოსისტემას, რომელიც საქართველოში იქმნება.
„ამ მხრივ, გვჭირდება ისრაელის გამოცდილება, რომელიც მსოფლიოში ინოვაციების მხარდამჭერი და წამყვანი ინოვაციური ქვეყანაა. ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო იქნება თანამშრომლობა, ვინაიდან ახალგაზრდებს შევთავაზებთ სპეციალურ სასწავლო კურსებს. ასევე, შეიქმნება რამდენიმე ერთობლივი საწარმო, რომლებიც IT მიმართულებით იმუშავებენ“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შეხვედრა, დიმიტრი ქუმსიშვილის ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის ხელშეწყობით შედგა.
შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ავრცელებს.