საქართველოსა და ინდონეზიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და ინდონეზიას შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს თეა წულუკიანმა და ინდონეზიის რესპუბლიკის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების მინისტრმა ასმან აბნურმა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ინდონეზიელ კოლეგას სერვისების გაცემის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრაში დახმარება შესთავაზა.
„მზად ვართ, შევისწავლოთ თქვენთან არსებული სისტემა და დაგეხმაროთ პრობლემების იდენტიფიცირებაში. ჩვენ შეგვიძლია თქვენი ოპერატორების დროებით მიმაგრება იუსტიციის სახლებში პრაქტიკული გამოცდილების მისღებად“.
ინდონეზიის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების მინისტრის თქმით, საქართველოსთან თანამშრომლობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან მოგვცემს მეტ საშუალებას, გავიზიაროთ წარმატებული მაგალითი სერვისების გაცემისა თუ ელექტრონული მმართველობის მიმართულებით, რომელსაც ახლა ვავითარებთ“, − აღნიშნა ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების მინისტრმა დოკუმენტის ხელმოწერისას.
საქართველო ინდონეზიას საჯარო მმართველობის სისტემის რეფორმირებაში დაეხმარება. გამოცდილებას გაუზიარებს საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით, ასევე, როგორ განახორციელოს ელექტრონული მმართველობის რეფორმა და წარმატებით უპასუხოს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გამოწვევებს.
თანამშრომლობის მემორანდუმი ქართველ და ინდონეზიელ ექსპერტებს, სხვადასხვა დონის დელეგაციებს შორის გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. დაიგეგმება და ჩატარდება კონფერენციები, სემინარები და სამუშაო შეხვედრები. ქართული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, ინდონეზიას იმ რეფორმების გატარებაში დაეხმაროს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში უკვე წარმატებით ხორციელდება და რომლებმაც საქართველოს საერთაშორისო აღიარება მოუტანა − 2017 წლის შემოდგომაზე ის „OGP“-ის მმართველი კომტეტის წევრად აირჩიეს. საერთაშორისო ფორუმს, რომელიც 75 ქვეყანას აერთიანებს, საქართველო ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
ქართული რეფორმების ექსპორტის სურვილი ინდონეზიამ 28 სექტემბერს გამოთქვა, საქართველოში ინდონეზიის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების მინისტრის მოადგილის ვიზიტისას.
დელეგაციას ქართული რეფორმები საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძემ გააცნო. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებაც ამ ვიზიტის დროს იქნა მიღებული.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოსა და ინდონეზიას შორის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებში რეგიონული ფორუმის ფარგლებში გაფორმდა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი მასში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მმართველი კომიტეტის თავმჯდომარის რანგში მონაწილეობს. თეა წულუკიანმა მონაწილეობა მიიღო ფორუმის გახსნით ღონისძიებაში, მრგვალი მაგიდის მინისტერიალის ფარგლებში ექვსი ქვეყნის მინისტრებსა და 16 ქვეყნის წარმომადგენლებს გააცნო ქართული გამოცდილება ღია მმართველობის კუთხით გამართა ორმხრივი შეხვედრები ცალკეული ქვეყნის დელეგაციებთან.
ქართული დელეგაციის ვიზიტი ინდონეზიაში დღეს დასრულდება.