საქართველოსა და იაპონიას შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ იმამურა აკირასთან. მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები.
ფინანსთა მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით გლობალური პანდემიის პირობებში. ხაზი გაესვა იმ პროექტების მნიშვნელობას, რომელიც ქვეყანაში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) სასესხო ინსტრუმენტების საშუალებით ხორციელდება.
დღესვე, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და იაპონიის ელჩმა ხელი მოაწერეს „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ” კონვენციას, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა კონვენციამ ჩაანაცვლა იაპონიასა და საბჭოთა კავშირს შორის 1986 წელს დადებული შეთანხმება და ამიერიდან, იაპონიასთან საქართველოს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება ახალ სამართლებრივ ჩარჩო დოკუმენტზეა დაფუძნებული.
შეთანხმება ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განახლებულ, 2017 წლის მოდელს და ითვალისწინებს დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) პროექტით დადგენილ სტანდარტებს.
აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტრომ იაპონიასთან „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმების განახლებაზე მოლაპარაკებები გასული წლის ივნისში დაიწყო.
იაპონიასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ახალი სამართლებრივი დოკუმენტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას.
ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმება ძალაშია 56 ქვეყანასთან.
ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.