საქართველოსა და იაპონიას შორის, კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმების ფარგლებში, მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და იაპონიის მთავრობებს შორის, გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმების ფარგლებში, ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს, საქართველოს სახელით ხელი მოაწერა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, ხოლო იაპონიის სახელით, საქართველოში იაპონიის ელჩმა, იმამურა აკირამ.
ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა ელჩს იაპონიის მთავრობის მიერ წლების განმავლობაში, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კლიმატის ცვლილების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას.
„კლიმატის ცვლილება მსოფლიოსა და მათ შორის საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. საქართველო, ისევე როგორც პარიზის შეთანხმების სხვა მხარეები, აღიარებს 2050 წლისთვის ნახშირბადის გლობალურად ნულოვანი ემისიების მიღწევის აუცილებლობას და ვალდებულებას, რომ შეამციროს გლობალური დათბობა 1,5 გრადუსამდე, წინა ინდუსტრიულ მაჩვენებელთან შედარებით. იაპონიასთან ორმხრივი თანამშრომლობა მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს ამ მიზნის მიღწევაში“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
როგორც საქართველოში იაპონიის ელჩმა, იმამურა აკირამ აღნიშნა, მემორანდუმის გაფორმება ორ ქვეყანას შორის დაბალემისიებიანი და კლიმატგონივრული ტექნოლოგიების განვითარების გზით კლიმატის ცვლილების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია, რომელსაც სხვა არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა მოჰყვება.
„იაპონიას, სხვა ქვეყნების მსგავსად, აღებული აქვს ვალდებულება, რომ 2050 წლისთვის ნულოვან ნიშნულზე დაიყვანს ნახშირბადის ემისიებს. დღევანდელი მემორანდუმი საშუალებას მოგვცემს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ანალოგიური მიზნის მიღწევაში. ჩვენ შევძლებთ, იაპონური კომპანიების მეშვეობით, დეკარბონიზაციის მოწყობილობები მივაწოდოთ საქართველოს. მემორანდუმი დაეხმარება ქართულ და იაპონურ კომპანიებს, ერთობლივი პროექტები განახორციელონ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის განახლებადი ენერგიის – ჰიდრო და მზის ენერგოსადგურების, ენერგოგენერაციის მოწყობილობების, ნარჩენებიდან ენერგიის წარმოების საშუალებებისა და ენერგიის დამზოგავი, მაღალეფექტიანი სატრანსპორტო სისტემების მიმართულებით“, – აღნიშნა იაპონიის ელჩმა, იმამურა აკირამ.
ელჩმა მადლობა გადაუხადა მინისტრს და სამინისტროს გუნდს გაწეული აქტიური სამუშაოსთვის, რამაც შესაძლებელი გახადა მოკლე დროში ყველა საჭირო პროცედურის დასრულება და მემორანდუმის გაფორმება.
„აღსანიშნავია, რომ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმების მე-6 მუხლით დარეგულირდა ემისიებით ვაჭრობის სქემა, რომელიც განვითარებულ ქვეყნებს საშუალებას აძლევდა, შეეძინათ ემისიები განვითარებადი ქვეყნებისგან, რითაც ხელს შეუწყობდნენ მათ მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას. ემისიების ვაჭრობის კუთხით საქართველოს საკმაოდ აქტიური პოზიცია უკავია. 2021 წელს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის გაფორმდა ხელშეკრულება ემისიებით ვაჭრობის საკითხებთან დაკავშირებით. 2022 წლის დასაწყისში საქართველოსთან თანამშრომლობით დაინტერესდა იაპონიაც და მიმდინარე წლის ივნისში მოხდა საბოლოო შეთანხმება აღნიშნული თანამშრომლობის დაწყების თაობაზე“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.