საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ურთიერთდაცვის შეთანხმება გაფორმდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ.
შეთანხმება ითვალისწინებს სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შემოღება ორივე ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების მიმართ, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსა და იაპონიას შორის კერძო კაპიტალის მოძრაობას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტიან განვითარებასა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.
შეთანხმების ხელმოწერამდე საქართველოში ნათია თურნავა იაპონიის ელჩ იმამურა აკირას შეხვდა, რომელთანაც ორმხრივი სავაჭრო – ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე საქართველოს ბაზარზე იაპონური საინვესტიციო აქტივობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
აღინიშნა, რომ იაპონია წარმოადგენს მნიშვნელოვან ინვესტორ ქვეყანას საქართველოსთვის და დიდი მნიშვნელობა ენიჭება იაპონიიდან განხორციელებულ ინვესტიციებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ისეთ სექტორებში, როგორიცაა ჰიდროენერგეტიკა, „მწვანე წყალბადის“ წარმოება, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი და სატრანსპორტო დერეფნის განვითარება და სხვ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში იაპონური კაპიტალის მონაწილეობით 26 კომპანია ფუნქციონირებს. 2020 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, იაპონიიდან საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციამ შეადგინა 15.4 მლნ. აშშ დოლარი, საიდანაც ძირითად საინვესტიციო სექტორს ენერგეტიკა წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის გაზაფხულზე, იაპონურმა ენერგო-გიგანტმა, კომპანიამ TEPCO Renewable Power (TEPCO RP) ინვესტიცია განახორციელა საქართველოს ენერგო სისტემაში და ერთ-ერთ უმსხვილეს პროექტში 31.4% წილი შეძინა. TEPCO RP-ს მიერ იაპონიის გარეთ, ვიეტნამის შემდეგ, ინვესტიციის განხორციელება მეორე შემთხვევაა. გასათვალისწინებელია, რომ TEPCO RP-მ საქართველოში ინვესტირება ხელსაყრელი ბიზნეს და ენერგეტიკული პოლიტიკის გამო გადაწყვიტა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველოსა და იაპონის შორის ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების არსებობა გახდება მნიშვნელოვანი სამართლებრივი საფუძველი და დამატებითი სტიმული იაპონიის ინვესტორებისთვის საქართველოში ინვესტიციების წახალისებისთვის.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.