საქართველოსა და ჰონგკონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება რატიფიცირებისთვის პარლამენტს ეგზავნება
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს ჰონგკონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელსაც ხელი ივნისში მოეწერა, რატიფიცირებისთვის საქართველოს პარლამენტს ეგზავნება.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ეს არის პირველი შეთანხმება, რომელიც ჰონგკონგმა ჩვენს რეგიონში გააფორმა.
„ჩვენი ეკონომიკის სტრატეგიის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს უკეთ ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში. მინდა, შეგახსენოთ, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, ვისაც პარალელურად აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან და ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, ამ უმნიშვნელოვანეს წარმატებას დავუმატოთ ახალი ეკონომიკური პლატფორმები. ჰონგკონგთან გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს საქონლისთავისუფალი გადაადგილების პირობების განსაზღვრას და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობას; ასევე ფარავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის საბაჟო და ვაჭრობისხელშეწყობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ტექნიკური ბარიერების აღმოფხვრა ვაჭრობაში, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები და ყველა სხვა მნიშვნელოვანი მიმართულება. ჰონკონგი არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ცენტრი და შესაბამისად, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი მეწარმეებისთვის, რომ წვდომა ჰქონდეთ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსყიდველუნარიანობის მქონე თითქმის 8-მილიონიან ბაზარზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.