საქართველოსა და ჰონგ კონგის საავიაციო ხელისუფლებებს შორის საჰაერო მიმოსვლის თაობაზე მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და ჰონგ კონგის საავიაციო ხელისუფლებებს შორის საჰაერო მიმოსვლის თაობაზე მემორანდუმი გაფორმდა

მალაიზიის ქალაქ კუალა ლუმპურში, ICAO-ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების (ICAN 2024) ფარგლებში, შეხვედრა შედგა საქართველოსა და ჰონგ კონგის საავიაციო ხელისუფლებებს შორის. ინფორმაციას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი ორმხრივი შეთანხმების პროექტი განიხილეს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად განხორციელდა ხსენებული შეთანხმების პარაფირება, ამასთან, საქართველოსა და ჰონგ კონგის საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, გივი დავითაშვილმა.

მემორანდუმის თანახმად, ქართულ და ჰონგკონგურ ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი ორმხრივი შეთანხმების ძალაში შესვლამდე რეგულარული სამგზავრო და სატვირთო ფრენები განახორციელონ საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის ტევადობის, სიხშირისა და საჰაერო ხომალდის ტიპის შეუზღუდავად.

„ჰონგ კონგი არის წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ცენტრი აზიის რეგიონში. მიმდინარე წლის სექტემბრიდან, ჩინეთის ჰონგ კონგის სპეციალურმა ადმინისტრაციულმა რეგიონმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა. საჰაერო მიმოსვლის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების დაწყების ხელშემწყობ წინაპირობას ქმნის. დარწმუნებულნი ვართ, რომ, აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ავიკომპანიების მხრიდან ახალი მიმართულების მიმართ დაინტერესება გაიზრდება“, – განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, გივი დავითაშვილმა.