საქართველოსა და გერმანიას შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში მემორანდუმი გაფორმდება
საქართველოსა და გერმანიას შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში მემორანდუმი გაფორმდება

საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება.

ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ქალაქ ბონში გაიმართა, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საერთაშორისო სამმართველოს უფროსი შალვა კვინიხიძე ესწრებოდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახური (THW) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს საგანგებო სიტუაციების დროს დაეხმარება.

ქართულმა მხარემ შეხვედრისას THW-ს სთხოვა მენტორობა გაუწიოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს INSARAG-ის აკრედიტაციის მიღების პროცესში, რაც სამსახურს საშუალებას მისცემს, ჩაერთოს საერთაშორისო სამაშველო მისიებში.

THW-ს წარმომადგენლები უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტსაც განიხილავენ, რათა ადგილზე მოხდეს სამაშველო სამსახურების შესაძლებლობების შეფასება და სამომავლო თანამშრომლობის გეგმების დასახვა.