საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მსვლელობისთვის რუსი აქტივისტი 27 დღით დააპატიმრეს
საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მსვლელობისთვის რუსი აქტივისტი 27 დღით დააპატიმრეს

საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მსვლელობისთვის რუსი აქტივისტი 27 დღით დააპატიმრეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „დოჟდი“ იუწყება.

მაქსიმ რაზმეტოვი სანქტ-პეტერბურგში, პირველი მაისის მსვლელობაში მონაწილეობისას დააკავეს. სასამართლომ აქტივისტი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – მიტინგის ჩატარების წესების დარღვევისთვის და პოლიციის თანამშრომლის ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის.

მსგავსი ბრალდებით სანქტ-პეტერბურგში პირველ მაისს სულ 10-მდე მოქალაქე დააკავეს. მარია კოჟევატოვა უკრაინის დროშის გამოყენებისთვის იზოლატორში 10 დღეს გაატარებს და 12 ათასი რუბლის ჯარიმას გადაიხდის. კიდევ ერთ აქტივისტს, ვადიმ ჩარუშევს დიდი ბრიტანეთის დროშით მსვლელობა მხოლოდ 11 ათასი რუბლი „დაუჯდა“.

რუსული მედიის ცნობით, პოლიციას თავად მსვლელობის ორგანიზატორებმა მიმართეს, რომლებმაც დროშების გამოყენება გაუმართლებლად მიიჩნიეს.