საქართველო - ბრიტანეთის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიკაცია მიმდინარე კვირაში იგეგმება
საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიკაცია მიმდინარე კვირაში იგეგმება.
დოკუმენტი დღეს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
როგორც ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ განუცხადა, ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება დაიდო.
„შეთანხმება ძირითადად ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების დებულებებს ეყრდნობა და იმ აუცილებლობიდან გამომდინარეობს, რომლითაც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს. შეთანხმება გაფორმდა იმისათვის, რომ არ დარჩეს ვაკუუმი საქართველოსთან ურთიერთობის მიმართულებით. ხელშეკრულება ყველა მიმართულებას შეიცავს, როგორც პოლიტიკურს, ასევე ეკონომიკურ განზომილებას“, – განაცხადა თოთლაძემ.
ქვეყნებს შორის შეთანხმებას ხელი მოეწერა 21 ოქტომბერს, ლონდონში. შეთანხმება ბრექსიტის შემდეგ, დიდ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას ჩაანაცვლებს.
რაც შეეხება დოკუმენტის შინაარსს, შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს, მათ შორის: საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემა; კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ხელშეწყობა; ეკონომიკური დიალოგი; ტრანსპორტი; ენერგეტიკა; გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა; ინდუსტრიული და სამეწარმეო პოლიტიკა, ინოვაციები; ფინანსური სერვისები; საინფორმაციო კომუნიკაციების ტექნოლოგიები; ტურიზმი; სოფლის მეურნეობა; სოციალური პოლიტიკა და ჯანდაცვა; განათლებისა და კულტურის დარგები; ასევე რეგიონული თანამშრომლობა და სხვა.
ამასთან, შეთანხმება ითვალისწინებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს და იმეორებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (Deep and Comprehensive Free Trade Area – DC FTA) დებულებებს.
ასევე შეთანხმება აღიარებს საქართველოს მიღწევებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, აგრეთვე მის ევროპულ არჩევანს; მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; ამასთან, საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და კონფლიქტის შედეგად გაყოფილი საზოგადოებების შერიგების მნიშვნელობას.
გარდა ამისა, მხარეები იღებენ ვალდებულებას, წინამდებარე შეთანხმების სიკეთეები განავრცონ საქართველოს ყველა მოქალაქეზე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჩათვლით.