საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთებზე აზომვითი სამუშაოები ჩატარდება
საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიების ექსპერტთა შეხვედრის მეორე ეტაპი დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ორი ქვეყნის კომისიების ექსპერტები დაათვალიერებენ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის ხაზის დარჩენილ მონაკვეთებს და გეოდეზიურ-აზომვით სამუშაოებს ჩაატარებენ.
„2019 წლის 23 სექტემბერს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიების ექსპერტთა შეხვედრის მეორე ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებში ორი ქვეყნის კომისიების ექსპერტები მოახდენენ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის ხაზის დარჩენილი მონაკვეთების (მე-15, მე-16, მე-17 (სოფელ ერისიმედის ტერიტორია), მე-18, მე-20, 22-ე და 24-მონაკვეთები)) დათვალიერებასა და გეოდეზიური აზომვითი სამუშაოების ჩატარებას. საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიების ექსპერტთა პირველი შეხვედრა გაიმართა მიმდინარე წლის 19-23 აგვისტოს პერიოდში.
ექსპერტების მიერ სამუშაოები დაგეგმილია 27 სექტემბრისთვის, რომლის შემდგომ, ექსპერტთა მუშაობის შედეგები განსახილველად წარედგინება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიების მომდევნო სხდომას, რომელიც გაიმართება ქ. თბილისში ახლო მომავალში. კომისიის ჩატარების ზუსტი თარიღი მხარეებს შორის შეთანხმდება დიპლომატიური არხების მეშვეობით“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.