საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებები თანამშრომლობას გააძლიერებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ განახლებული შეთანხმება საქართველოს თავდაცვის მინისტრის აზერბაიჯანის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

„ჯუანშერ ბურჭულაძეს აზერბაიჯანელმა კოლეგამ უმასპინძლა. თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის და ხაზგასმით აღნიშნა სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობარ ქვეყანასთან ხალხთაშორისი მჭიდრო კავშირები და კეთილმეზობლური ურთიერთობა.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. ყურადღება გამახვილდა უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების დინამიკაზე, რაც ადასტურებს მზაობას, კიდევ უფრო გამყარდეს კავშირები ქვეყნების და რეგიონის საკეთილდღეოდ.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს, მათ შორის საერთაშორისო სწავლებებსა და სამხედრო-საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა. საუბარი შეეხო აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში თანამშრომლობის საკითხებს. აღინიშნა, რომ სტრატეგიული დონის შეხვედრები, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, ერთობლივი სწავლებები და ექსპერტთა შეხვედრები კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობას.

შეხვედრის დასასრულს ჯუანშერ ბურჭულაძემ აზერბაიჯანელი კოლეგა 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოიწვია.

ოფიციალურ შეხვედრამდე თავდაცვის მინისტრმა „საპატიო ხეივანში“ გვირგვინით შეამკო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის საფლავი.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.