საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები გაიმართა
საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები გაიმართა

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები (BDC) მიმდინარეობს. ამ მიზნით საქართველოს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალი რანგის დელეგაცია ეწვია.

დელეგაციის ხელმძღვანელს, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ლორა კუპერს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. მინისტრმა საუბრისას ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან წარმატებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და ამერიკულ მხარეს პოლიტიკური და პრაქტიკული ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე აშშ-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და უსაფრთხოების გარემოს შესახებ იმსჯელეს. თავდაცვის სფეროში ორმხრივ კონსულტაციებს წელს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, ლორა კუპერი თანათავმჯდომარეობდნენ.

მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები განიხილეს. აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ახალ საფეხურად და მომავალი ათწლიანი დინამიური თანამშრომლობის საფუძვლად განიხილება აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული ახალი ინიციატივა თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების შესახებ, რაც ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობას კიდევ უფრო განამტკიცებს. კონსულტაციების დასრულების შემდეგ, თანათავმჯდომარეებმა აშშ-საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის ორმხრივ კონცეფციას მოაწერეს ხელი. აღნიშნული ჩარჩო დოკუმენტი მიზნად ისახავს, განსაზღვროს ორმხრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ახალი ინიციატივის მიმართულებები მომავალი წლებისთვის. ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა საერთო ღირებულებების დაცვისა და საერთო უსაფრთხოების ინტერესების გაძლიერებისთვის.

საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში მაღალი დონის ორმხრივი კონსულტაციები ყოველწლიურად ტარდება. კონსულტაციების ფორმატი ინფორმაციის გაცვლას, გამოცდილების გაზიარებას, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრასა და გადახედვას ითვალისწინებს.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.