საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან პარტნიორობის 25 წლისთავი აღინიშნა
საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან პარტნიორობის 25 წლისთავი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში” აღინიშნა. იუბილესთან დაკავშირებით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი იმყოფებოდა.
„არმიჰოლში“ გამართულ ღონისძიებაზე სტუმრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა. სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა აშშ – საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამაგალითო ურთიერთობა ძლიერი ალიანსის მყარ საფუძველს უზრუნველყოფს.
„ამერიკის შეერთებულ შტატებთან ძლიერ და მდგრად სტრატეგიულ პარტნიორობას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ, რადგან ჩვენ ვაძლიერებთ დემოკრატიას, ვავითარებთ ჩვენს თავდაცვის ძალებს და მივიწევთ წინ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. რამდენიმე კვირის წინ განვაახლეთ უმნიშვნელოვანესი შეთანხმება „უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება 2019-2022“, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ პარტნიორობას, როგორიცაა დემოკრატიული პრინციპების რწმენა, კანონის უზენაესობა და თითოეული მოქალაქის უფლებები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს გამორჩეული მხარდაჭერისთვის, ასევე აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გენერალი ტომას კარდენი უწყებრივი მედლით „თეთრი გიორგი“ დააჯილდოვა. მინისტრმა მადლობის სერტიფიკატები გადასცა უფროს სერჟანტ როი მარჩერტის, ვიცე-პოლკოვნიკ კოლინ ტომპსონს და მაიორ ქუინთინ თოჯლისს.
ღონისძიებას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის, აშშ-ის ევროპული სარდლობის, აშშ–ის საელჩოს თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი პირები.
იუბილეს წილკნისა და გალავანის ბავშვთა სახლების აღსაზრდელებიც დაესწრნენ. ბავშვთა სახლები აშშ-ის ჯორჯიის შტატის, აშშ-ის საჰაერო ძალების ინჟინერთა და საქართველოს თავდაცვის ძალების საინჟინრო ქვედანაყოფების მხარდაჭერით გარემონტდა.
საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის პარტნიორობის 25 წლის იუბილე ნოემბერში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ატლანტაში ვიზიტის ფარგლებშიც აღინიშნა.