საქართველოსა და აშშ-ის ეკონომიკის მინისტრების დონეზე პირველი შეხვედრა გაიმართა
აშშ-ში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ის კომერციის მდივანს უილბურ როსს შეხვდა. ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების დონეზე შეხვედრა პირველად გაიმართა.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, რომელთაც წმინდა ეკონომიკურის გარდა, პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. ამავე დროს, განსაკუთრებული ხაზი გაესვა იმ გარემოებასაც, რომ პოტენციალი ამ მიმართულებით ძალიან დიდია.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე.