საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მეზღვაურთა სერტიფიცირების სისტემის აღიარების თაობაზე მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ და არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, სუჰაილ მოჰამეს ალ მაზროუეიმ მეზღვაურთა სერტიფიცირების სისტემის აღიარების თაობაზე ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროები გამოირჩევა სოციალური და სამუშაო პირობების თანამედროვე სტანდარტით, მათ შორის – მაღალი ანაზღაურებით.
„2020 წლის მონაცემებით, საამიროების დროშის ქვეშ მცურავი ფლოტი 631 გემისგან შედგება, რომელთა საერთო ტევადობა 740 DWT-ს უახლოვდება.
საზღვაო განათლებისა და მეზღვაურთა სერტიფიცირების სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების მიმართულებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში გატარებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოსა და ქართველი მეზღვაურების რეპუტაცია საერთაშორისო საზღვაო სივრცეში. სწორედ ამ ფაქტორების ზემოქმედებით, ყოველწლიურად ფართოვდება მსოფლიო დასაქმების ბაზარი ჩვენი მეზღვაურებისთვის. დღეს მათ უკვე 61 საზღვაო დროშის ქვეშ მცურავ ფლოტზე შეუძლიათ დასაქმება, მათ შორის 18 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. ამ დროშების ქვეშ მსოფლიო ფლოტის 80%-ზე მეტი დაცურავს“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.