მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში 25 ოქტომბერს მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა. თბილისსა და რეგიონებში საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისა და პედაგოგების ჩართულობით მედიაწიგნიერების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა. მედიაწიგნიერების გლობალური კვირეული საქართველოში კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით წელს მეორედ ტარდება.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, სკოლებში მოსწავლეების ჩართულობით მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა, მათ შორის, სკოლების ნაწილში მასწავლებლებმა მედიაწიგნიერების შესახებ გაკვეთილი ჩაატარეს, სადაც მოსწავლეებს დეზინფორმაციის უარყოფით ზეგავლენებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
ზოგიერთ სკოლაში მოსწავლეებმა კომუნიკაციების კომისიის მიერ წინასწარ მიწოდებული საგანმანათლებლო მასალების მიხედვით თავად დაამზადეს და გამოფინეს საინფორმაციო ბანერები, რომლებზეც ყალბი ინფორმაციის აღმოჩენისთვის საჭირო და აუცილებელი რჩევები იყო დატანილი. ზოგიერთი სკოლა მედიაწიგნიერების დღეს ფლეშმობის სახით შეუერთდა და სკოლის ეზოები მედიაწიგნიერების თემატური ნახატებით მოხატეს. ასევე, გაიმართა ფილმების ჩვენება, რომელიც მოზარდებს კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევებს უვითარებს.
ცალკეულ სკოლებში უფროსკლასელი მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა კონფერენციები, სადაც მათ მასწავლებლებთან ერთად იმსჯელეს რა არის ყალბი ინფორმაცია და რა მავნე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მას. მოსწავლეებისთვის ასევე მოეწყო ესეების კონკურსი ისეთ თემებზე, როგორიცაა 21-ე საუკუნეში ინფორმაციის მოძიების გზები და ყალბი ინფორმაციის მავნე ზეგავლენა. სკოლებმა კომუნიკაციების კომისიის მიერ მიწოდებული კითხვარის საშუალებით უფროსკლასელებში შეჯიბრი ჩაატარეს და ყველაზე მედიაწიგნიერი მოსწავლეები გამოავლინეს.
შეგახსენებთ, რომ მედიაწიგნიერების კვირეული 2021 წელს გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება, რომლის მიზანი საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით კვირეული წელს 24-28 ოქტომბერს ტარდება.
ამას გარდა, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრა მშობლებთან, სადაც ახალგაზრდების მიერ ინტერნეტის უსაფრთხო მოხმარებაზე იქნება საუბარი. ასევე, კვირეულის ფარგლებში მედიალაბი ექსპერტებთან ერთად კიბერუსაფრთხოების შესახებ დისკუსიას გამართავს, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული შემაჯამებელი კონფერენციით დაიხურება.