საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი წმინდა საყდრის ახლადდანიშნულ ნუნციოს შეხვდა
წმინდა საყდრის ახლადდანიშნულმა ნუნციომ საქართველოში, მონსინიორ ჟოზე აველინო ბეტანკურმა საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ვატიკანის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, წმინდა საყდრის დესპანს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ხაზი გაუსვა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებულ მეგობრულ კავშირებს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის ურთიერთობა გამყარებულია ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერით და არაღიარების პოლიტიკით.
მიხეილ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა წმინდა საყდრის მიერ საქართველოში სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების მნიშვნელობაზე, რაც კიდევ უფრო აახლოებს ორ სახელმწიფოს და აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს წმინდა საყდრის მიერ ქართველი ახალგაზრდებისთვისა და მეცნიერებისთვის გამოყოფილ სტიპენდიებს, რაც ხელს უწყობს მათი ცოდნის გაღრმავებას.
ახალი ნუნციოს აღნიშვნით, საქართველოსა და წმინდა საყდარს ისტორიული ურთიერთობები აკავშირებთ. მან ხაზი გაუსვა, რომ წმინდა საყდარი აფასებს დადებით ორმხრივ ურთიერთობებს საქართველოსთან, რომელიც გულთბილობითა და პატივისცემით ხასიათდება და რომელიც გამოიხატება როგორც მაღალი დონის ვიზიტებში, ასევე სხვა სახის ინიციატივებში. მონსინიორ ბეტანკურმა ხაზი გაუსვა პაპ ფრანცისკეს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას საქართველოსადმი და კიდევ ერთხელ აღინიშნა, საქართველოში პაპის წარმატებული ვიზიტის მნიშვნელობა.
ნუნციომ გამოხატა საქართველოსთან თანამშრომლობის შემდგომში გაძლიერების სურვილი და ხაზი გაუსვა, რომ წმინდა საყდარი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებების სრული პატივისცემის მატარებელი ინიციატივების მხარდაჭერას.
შეხვედრისას მხარეებმა შემდგომი ორმხრივი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატეს.