„საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებულის გამოსავლენად ფეისბუქის მესენჯერით მიღებული ხმების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 1tv.ge-ზე, პირველი არხისა და პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ ფეისბუქ გვერდებზე
„საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებულის გამოსავლენად ფეისბუქის მესენჯერით მიღებული ხმების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 1tv.ge-ზე, პირველი არხისა და პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ ფეისბუქ გვერდებზე

პირველი არხის მუსიკალური შოუ „საქართველოს ვარსკვლავი“ ფინალურ ეტაპზეა. კვირას, 3 მარტს, პირველი არხის პირდაპირ ეთერში გაირკვევა, ვინ გახდება პროექტის გამარჯვებული და შესაბამისად, ვინ გაემგზავრება საქართველოს სახელით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ისრაელში.

„საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებულის გამოვლენა მხოლოდ მაყურებელზეა დამოკიდებული – სატელეფონო ზარით, მოკლე ტექსტური შეტყობინებითა და ფეისბუქ-მესენჯერით მიღებული ხმებით.

პირველი არხი წარმოადგენს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულ და პასუხისმგებლიან მედიას. პროექტის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით და პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, სოციალური ქსელით – ფეისბუქ მესენჯერით გამარჯვებულის გამოსავლენად მიღებული ხმების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება პირველი არხის ვებ-გვერდზე 1tv.ge და პირველი არხისა და პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ ფეისბუქის გვერდებზე.

ინფორმაცია გამოქვეყნდება პერსონალური მონაცემების, კერძოდ, ფეისბუქ-მესენჯერის საშუალებით ხმის მიმცემთა მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მითითების გარეშე.