საქართველოს ტრანსპლანტოლოგიის დარგის განვითარებაში სამხრეთ კორეელი სპეციალისტები დაეხმარებიან
საქართველოს ტრანსპლანტოლოგიის დარგის განვითარებაში სამხრეთ კორეელი სპეციალისტები დაეხმარებიან

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამხრეთ კორეის დელეგაციას შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას სამხრეთ კორეის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, დახმარება გაუწიონ საქართველოს ტრანსპლანტოლოგიის დარგის განვითარებაში. ასევე, წარმოადგინეს ინიციატივები, საჭირო ღონისძიებების ხელშეწყობასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოსა და სამხრეთ კორეის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. კერძოდ, სამხრეთ კორეელი ექიმები, როგორც სწავლისა და ქირურგების მომზადების პროცესში, ასევე, უშუალოდ ოპერაციებში აქტიურად ჩაერთვებიან. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების ინიციატივით, თანამშრომლობის ორი მემორანდუმი გაფორმდება და სახელმწიფოს თანადაფინანსებით ღვიძლის გადანერგვის ორი ოპერაცია ჩატარდება.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან კვანგ ვუნგ ლი – ჰეპატო-ქირურგი, ტრანსპლანტოლოგი, ტრანსპლანტოლოგიის საერთაშორისო ექსპერტი, სეულის ეროვნული უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის და საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი; ჩანგ სუკ სუჰ – სეულის ეროვნული საუნივერსიტეტო კლინიკის პრეზიდენტი, აღმასრულებელი დირექტორი და ჩან სო შინ – სეულის ეროვნული უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის დეკანი, პროფესორი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური ინფორმაციით, სამხრეთ კორეა ცოცხალი დონორიდან გადანერგვის ოპერაციებში მსოფლიოში ლიდერ ქვეყანად არის აღიარებული. ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი წარმატებული ოპერაცია მსოფლიო მასშტაბით სწორედ კორეაში ჩატარდა და მათგან 77% სწორედ ღვიძლის ტრანსპლანტაციაზე მოდის.