საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტზე თურქული გემი დაჯარიმდა
საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტზე თურქული გემი დაჯარიმდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაშია ნათქვამი, თურქული დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი 65 000 ლარით დაჯარიმდა.

„თურქეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, ფოთის ნავსადგურის ნავმისადგომთან, ზღვა სამეურნეო-ფეკალური წლებით დააბინძურა. გემის კაპიტანს ფოთის საქალაქო სასამართლომ 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დააკისრა, რასაც დაემატა თანხა 5306,40 ლარის ოდენობით, გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის. გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს“, – ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.