საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედროები საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს დაესწრნენ
ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე „დინამო არენა“ 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საფეხბურთო თამაშს ავღანეთში მისიის შესრულების დროს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე ზაურ კომახიძეც დაესწრო, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით სტამბოლში ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და ორი წლის შემდეგ ფეხზე გავლა პირველად შეძლო.
მათივე ცნობით, საქართველოსა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე იმყოფებოდა. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ მინისტრმა დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო.
საქართველოსა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის თამაში 1:2 ესპანეთის გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს საბერძნეთის ნაკრებთან სალონიკში, 31 მარტს გამართავს.