საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის ფულადი ჯარიმები წესდება
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის ფულადი ჯარიმები წესდება.
შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება პირველი არხის ინფორმაციით, 8 აპრილის ბიუროს სხდომაზე მოხდება.
ცვლილებების ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემა, ასევე მსგავსი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა ან საქართველოდან გატანა – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 150 ლარიან ჯარიმას, ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას. კანონპროექტში ნათქვამია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე რეაგირება შინაგან საქმეთა ორგანოებს დაევალებათ.
„უკანასკნელ წლებში საკმაოდ გახშირდა შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირი საქართველოს ტერიტორიაზე აქტიურად ეწევა ქვეყნის ინტერესების საზიანო პროპაგანდას ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, ხშირია ბეჭდური რუკის ან სხვა საგნების გავრცელების შემთხვევები, რომელზედაც საქართველოს ტერიტორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიების და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) გარეშეა გამოსახული. აღნიშნულის შედეგად, უმეტეს შემთხვევაში მიზანმიმართულად, საქართველოს ინტერესების საზიანოდ ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, თითქოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიები და ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) დამოუკიდებელ სახელმწიფოებს წარმოადგენს და არა – საქართველოს განუყოფელ ნაწილს“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
პარლამენტი აღნიშნულ საკითხზე უკვე იხილავს „სისხლის სამართლის კოდექსში“ მომზადებულ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ აღნიშნული ქმედება ჩადენილია მიზანმიმართულად, ეს დაისჯება არა ადმინისტრაციული წესით, არამედ „სისხლის სამართლის კოდექსით“.