საქართველოს ტერიტორიაზე ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება თანხის დამრგვალების პრინციპის საფუძველზე განხორციელდება
საქართველოს ტერიტორიაზე ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება თანხის დამრგვალების პრინციპის საფუძველზე განხორციელდება

საქართველოს ტერიტორიაზე ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება თანხის დამრგვალების პრინციპის საფუძველზე განხორციელდება. შესაბამისი ცვლილებები „ეროვნული ბანკის შესახებ“კანონში შედის.

ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, რომ დამრგვალების პრინციპი თანხის დამრგვალებას მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე გულისხმობს.

უწყების ცნობით, იმის გათვალისწინებით, რომ ფასის დამრგვალება მხოლოდ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას განხორციელდება, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით, აღნიშნულ პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილებას გამორიცხავს.

„კანოპროექტის მიღება განპირობებულია 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევიდან ამოღების აუცილებლობით. მაღალია 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების დამზადებაზე გასაწევი ხარჯი. კერძოდ, საშუალოდ ეკონომიკის მომარაგება წელიწადში ჯდება: 1 თეთრი – 260 000 ლარი, 2 თეთრი – 100 000. ერთი ცალი 1 თეთრის მონეტის დამზადების – 0,021 ლარს შეადგენს, 2 თეთრიანი მონეტის – 0,033 ლარი”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.