სინოპტიკოსები ქვეყნის მასშტაბით დღეს ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ. მათი თქმით, 13 იანვარს ტემპერატურა მთელი საქართველოს ტერიტორიაზე დაიკლებს.
„დღეისათვის საქართველოში კვლავ შენარჩუნებულია არამდგრადი ამინდი. კერძოდ, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, მთაში და მაღალ მთაში მოთოვს, ზოგან შესაძლებელია ძლიერადაც. მაღალმთიან რაიონებში ველოდებით ქარბუქს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წამი სიჩქარით, ზოგან შესაძლოა, 17-22 მ/წამსაც მიაღწიოს“, – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსმა ნონა ელისაშვილმა.
მისივე ცნობით, დასავლეთ საქართველოში დაბლობის ტემპერატურა 4-9 გრადუსი იქნება, მთაში 0.5 სითბო, მაღალ მთაში კი 0.5 გრადუსი ყინვა.
სპეციალისტების განცხადებით, არსებულმა სინოპტიკურმა სიტუაციამ შესაძლებელია ზღვაზე 2-3-ბალიანი შტორმი გამოიწვიოს.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად მთაში და მაღალ მთაში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც ზოგან გაძლიერდება 17-22 მ/წამამდე. ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 5-10 გრადუსს მიაღწევს, მთაში 0.5 გრადუსს, ხოლო მაღალ მთაში 0.5 გრადუსი ყინვა იქნება.
„რაც შეეხება დედაქალაქს, აქ უმეტესად უნალექო ამინდს ველოდებით. გამოიდარებს და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღის განმავლობაში რვა გრადუსამდე აიწევს. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი, რომელიც ქალაქის გარეუბნებში შესაძლებელია, გაძლიერდეს 17-22 მ/წამამდე“, – აცხადებს ნონა ელისაშვილი.
მისივე ცნობით, 14 იანვრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამით შედარებით გაძლიერდება ყინვა და ტემპერატურა დაიკლებს, ხოლო დღისით ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს.